ნინა პერტენავა – “პერიტუს გრუპი” “ჩვენ გვაქვს ფუფუნება, თვითონ ავირჩიოთ ჩვენი კლიენტები”

IMG_0671PR სპეციალისტი ჰგავს მოგზაურს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ადგილს სტუმრობს და მისი თითოეული კუთხიდან რაღაც ახალს სწავლობს საკუთარი ინტელექტისა და აზროვნების გასავითარებლად.

PR-ი თქვენი ნაწილი გახდა, ჰარმონიულად შეერწყა თქვენს ცხოვრებას და აზროვნების სტილი შეცვალა… თუ თქვენ ასე არ აღიქვამთ PR-ს, მაშინ ვერავითარი განათლება და ვერც რამოდენიმე დიპლომი ვერ იქნება წარმატების გარანტი. თეორიული ცოდნა ძალიან მშრალია, რომელიც გვასწავლის,  თუ როგორ უნდა გამოიყენო საკომუნიკაციო ინსტრუმენტი. ხოლო თუ არ ხდება ქმედების ზუსტი არსის განსაზღვრა, აუდიტორიის მოტივირება, მის ემოციურ შრეში შეღწევა, მაშინ ვიღებთ სპეციალისტს, რომელსაც არ გააჩნია სტრატეგიული აზროვნების უნარი – ის მხოლოდ კარგი შემსრულებელი ხდება. ამას კი PR-ის გარდა, სხვა მომიჯნავე დარგების კარგი ცოდნა უწყობს ხელს.

2015 წლის ტენდენციაა კომუნიკაციების მართვაში დადებითი პიროვნული  თვისებების ჩამოყალიბება, კეთილგანწყობის შექმნა, ეთიკურობა და კომუნიკაბელურობაა. თუ ადრე პროფესიონალი იყო ის, ვისაც უფრო გულცივად შეეძლო კოლეგისთვის შეკვეთის ან კლიენტის “ახევა”, ახლა ეს სუსტ მხარედ ითვლება და ამას მივესალმები.

PR სპეციალისტი ისედაც უნდა იყოს კომუნიკაბელური გამომდინარე იქიდან, რომ ის აკავშირებს განსხვავებული შეხედულებების, სქესისა და განათლების მქონე ადამიანებს. კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი თვისება არის სტრესულ სიტუაციაში სიმშვიდისა და იუმორის გრძნობის შენარჩუნება. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს წარმატების ძირითადი წინაპირობაა. ხოლო ჩემი PR-ში მოსვლის გზა ასეთი იყო: პირველი განათლებით ვიყავი ხელოვნების ისტორიის კრიტიკოსი. ეს პროფესია ავირჩიე მრავალფეროვანი მიმართულების გამო. საინტერესო საგნები შევისწავლე, რაც სამომავლოდ საკუთარი თავის PR სპეციალისტად ჩამოყალიბებაში დამეხმარა – ეს იყო მითოლოგია, მსოფლიო რელიგიები, ფსიქოლოგია, ხატვა, ხელოვნების ისტორია, ეთიკა და ესთეტიკა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უმალვე დავიწყე მუშაობა – ჩემი პირველი სამსახური იყო PR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი ახლად გახსნილ სამედიცინო კომპანიაში. იდეა, რომ მე მემუშავა ამ მიმართულებით, იყო თვითონ კომპანიის მფლობელის. მან მაჩუქა იმ დროისთვის ძალიან იშვიათი, ამერიკიდან ჩამოტანილი წიგნები PR-ისა და რეკლამის დარგში; გავიარე ტრენინგები და მასტერ–კლასები ცნობილ სპეციალისტებთან; მომცა სრული თავისუფლება;  გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი, სოციოლიგი, ფსიქოლოგი და ტრენინგ ცენტრი. დღესაც ვამაყობ იმ დროს გაკეთებული კამპანიებით. ჩემი შემდეგი ნაბიჯი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება  სასწავლებლად. იღბლიანი აღმოვჩნდი კიდევ ერთხელ და რამოდენიმე იქაური გავლენიანი პიროვნება დამეხმარა –  პროფესორმა რასტი ბრუქსმა ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტში ოთხ PR სპეციალისტთან ერთად გასაუბრება ჩამიტარა და დაასკვნეს, რომ საკმარისად კარგი თეორიული ცოდნა მქონდა  და პრაქტიკა უფრო მჭირდებოდა. ამის შემდეგ ერთ-ერთ მსხვილ PR სააგენტოში “Jackson Spalding”-ში დავიწყე მუშაობა. სააგენტოში 76 თანამშრომელი მუშაობდა და მათ ცათამბჯენის მთელი სართული ეკავათ. სააგენტოს კლიენტები იყვნენ “CoCa-Cola”, “Delta Airlines”, “Orkin ” და მრავალი სხვა. კომპანია ასევე  ჩართული იყო წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიაში. მუშაობის იქაური სტილი ძალიან განსხვავდება ჩვენისგან –  რაც იქ ეფექტურია, აქ ელემენტარული შედეგის მოცემა გაუჭირდება. თუმცა ძალიან პროფესიონალურად უდგებიან ყველაფერს, ერთი სიამოვნებაა იქ მუშაობა – ყველაფერს გეგმავენ 1 წლით ადრე, დელეგირების დონე მაღალია, აქვთ კრიზისული გეგმა. მახსოვს ერთხელ ახალი კლიენტის ინტერვიუზე მე გამიშვეს.  ორი მილიარდერი ბაბუა იყო, მოკრძალებული ოფისი ჰქონდათ, არც დაცვა, არც კამერები – ჩვეულებრივად იყვნენ ჩართულები სამუშაო პროცესში. ვახშამზე ხან  “City Bank”-ის და ხან “Bank of America”-ს წარმომადგენლების გვერდზე ვიჯექი. საარჩევნო კანდიდატსა და პრეს-სპიკერებს იმდენს ავარჯიშებდნენ ლაპარაკის მანერის, ჟესტიკულაციისა და მიმიკის დაყენებაზე, რომ ეს ცალკე ხელოვნება იყო. სწორედ ამ შთაბეჭდილების ქვეშ ჩავაბარე იმიჯმეიკინგის კურსებზე, ამჯერად მოსკოვის სახელმწიფო უნივესიტეტთან არსებულ ART & IMAGE  რეპუტაციის მქონე ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. სამწუხაროდ, ჩვენთან იმიჯმეიკინგი მხოლოდ ადამიანის გარეგნობასთან არის ასოცირებული.

2008 წელს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნეთ სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “პერიტუს გრუპი”, რომელიც მართლა შვილივით გვიყვარს და სულ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ფუფუნება, თვითონ ავირჩიოთ ჩვენი კლიენტები. ახლა PhD-ის გაკეთებას ვაპირებ იმიჯისა და რეპუტაციის მიმართულებით, შემდგომში კი ამ მიმართულებით მუშაობას და მის პოპულარიზაციას.

PR-ს, როგორც დარგს ბევრი კარგი სპეციალისტი სჭირდება და მე მჯერა, რომ ჩვენს შემდეგ ჩვენზე კარგი სპეციალისტები მოვლენ.

ნინა პერტენავა,

სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “პერიტუს გრუპი”დამფუძნებელი/ PR ექსპერტი

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

რით განსხვავდება საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი) მარკეტინგისგან ?

PR-marketingსაზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი) მარკეტინგისგან რამდენიმე მახასიათებლით განსხვავდება, თუმცა ისინი ხშირად ფარავენ ერთმანეთს.  ორივე მათგანი ორგანიზაციის ურთიერთობათა დარგში საქმიანობს და ორივე ერთნაირ ან მსგავს საკომუნიკაციო იარაღებს იყენებს აუდიტორიამდე მისაღწევად. ორივე მათგანის საბოლოო ამოცანაა ორგანიზაციის წარმატების უზრუნველყოფაა. თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი ამ ამოცანას სხვადასხვა პერსპექტივიდან და მსოფლმხედველობიდან უდგება.

საზოგადოებასთან ურთიერთობა არის მართვის პროცესი, რომლის მიზანია, მიაღწიოს და შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობა იმ სოციალურ ჯგუფებებს შორის, რომლებზეც დამოკიდებულია ორგანიზაცია თავისი მისიის შესრულებისას. მისი ძირითადი პასუხისმგებლობაა, შექმნას და შეინარჩუნოს სტუმართმოყვარე კეთილგანწყობილი გარემო ორგანიზაციისთვის. მარკეტინგი კი არის მართვის პროცესი, რომლის მიზანია, მიიზიდოს და დააკმაყოფილოს მომხმარებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა მიაღწიოს ორგანიზაციის მიერ დასახულ ეკონომიკურ ამოცანებს. მისი ძირითადი მოვალეობაა, შექმნას და შეინარჩუნოს ბაზრები ორგანიზაციის პროდუქციისა და მომსახურებისთვის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობა მიმართულია ურთიერთობების დასამყარებლად და ორგანიზაციის ირგვლივ კეთილი ნების ატმოსფეროს შესაქმნელად; მარკეტინგი კი მიმართულია მომხმარებლისკენ და პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვისკენ.

ჯეიმს გრუნინგმა, ჟურნალ „Excellence in Public Relations and Communication Management“-ის რედაქტორმა, მკვეთრად განასხვავა ერთმანეთისგან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი: მისი თქმით, მარკეტინგის ფუნქციაა, კომუნიკაცია აწარმოოს ბაზრებთან ორგანიზაციის პროდუქციისა და მომსახურების გასაყიდად. საზოგადოებასთან ურთიერთობა კი ორგანიზაციის ყველა ჯგუფისა თუ ადამიანების ერთობებისკენ უნდა იყოს მიმართული. მარკეტინგის მთავარი მიზანია ფულის კეთება ორგანიზაციისთვის მოთხოვნათა სწორი განსაზღვრით. საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი მიზანი კი არის ფულის დაზოგვა ორგანიზაციისთვის საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობების დამყარებით, რომელიც აძლიერებს და ხელს უწყობს ორგანიზაციის შესაძლებლობებს, შეასრულოს მასზე დაკისრებული მისია.

დ. უილკოქსი

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

3 რჩევა პიარ პროფესიონალებს

IMG_20130820_120748ვიზუალური თხრობა

მაშინ როდესაც თანამედროვე მსოფლიოში აუდიტორია ასობით მარკეტინგულ შეტყობინებას იღებს ყოველდღიურად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ კომუნიკაცია გავხადოთ მეტად ვიზუალური და შესაბამისად, მომენტალურად გასაგები. მთავარი გასაღები ამ მიზნის წარმატებით შესასრულებლად კი არის ის, რომ თეორიულად თხრობის მაგივრად, ვიზუალურად დაანახო აუდიტორიას ის რისი მიტანაც გსურს მასთან. რაც უფრო მარტივად აღსაქმელი იქნება გამოსახულება, მით უფრო გამარტივდება კომუნიკაცია კომპანიასა და მის აუდიტორიას შორის.

სოციალურ მედიაში ჩართულობა

სოციალური მედია ინარჩუნებს აქტუალურობას და კვლავაც ერთ-ერთ ეფექტურ არხად მოიაზრება აუდიტორიაზე გასასვლელად. კომპანიები, რომლებიც აქამდე წარმოადგენდნენ პრაქტიკანტებს სიციალური მედიის პოსტების შექმნაში, 2015 წლიდან იძულებულნი გახდებიან უფრო ზუსტად შეიმუშაონ სტრატეგია იმის შესახებ, თუ რა შინაარსის პოსტები უნდა გაავრცელონ და რა მიზნით.

მეტიც, ორგანიზაციებისთვის უფრო შედეგიანი იქნება თუ ჩამოაყალიბებენ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც იმუშავებს სოციალური მედიის კუთხით. სოციალურ მედიაში ჩართულობა უნდა იყოს ერთ-ერთი მოწინავე და არა უმნიშვნელო აქტივობა ნებისმიერი კამპანიისთვის. გასათვალიწინებელია ის ფაქტიც, რომ შინაარსი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა, როდესაც საქმე ციფრულ მედიას ეხება.

კრიზისული კომუნიკაციები

დღევანდელ დღეს, ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა შეიმუშავონ გეგმა კრიზისული კომუნიკაციებისთვის. სმარტფონების ეპოქაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის კრიზისი შეიძლება ჩამოყალიბდეს ისევე სწრაფად, როგორც იქმნება მარტივი ფოტოსურათი ან ტვიტერისა თუ სხვადასხვა ბლოგ პოსტი ონლაინ სივრცეში. დღევანდელი მომხმარებლები ფლობენ იმდენად ძლიერ საკომუნიკაციო საშუალებებს ჯიბეებში, რომ სულ, უფრო და უფრო, ხმამაღლა ჟღერს და მარტივად ვრცელდება მათი ნეგატიური დამოკიდებულება კომპანიების მიმართ.

რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას სხვადასხვა პორტატული მოწყობილობების მეშვეობით და რაც უფრო სწრაფად გავრცელებადი ხდება ინფორმაცია, მით უფრო აუცილებელი ხდება, რომ კომპანიებმა წინასწარ შეიმუშავონ გეგმა სავარაუდო კრიზისული სიტუაციებისთვის. ჩამოაყალიბეთ კრიზისული კომუნიკაციების გუნდი ინციდენტამდე ადრე და განაახლეთ გეგმა ყოველ რამდენიმე თვეში. თუკი არ იცით საიდან დაიწყოთ, გადახედეთ თქვენი მსგავსი კომპანიების კრიზისული კომუნიკაციების გეგმას.

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

ღონისძიებების ორგანიზების 2015 წლის ტრენდები

2015_Meeting__Event_Planning_Trendsექსპერტები  ყოველწლიურად, წინასწარ  გვთავაზობენ  იმ ინოვაციურ ტენდენციებს, რომელიც ბიზნეს-ინდუსტრიის სხვადასხვა დარგისთვის გახდება დამახასიათებელი. როგორც წესი, განსაკუთრებულ ინტერეს ღონისიძიებათა მართვის  სფერო იწვევს.  ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, ძალიან სწრაფად იცვლება ივენთების ტრენდებიც, რომლის ცოდნაც ორგანიზატორს დაეხმარება კრეატიულად დაგეგმოს ღონისძიება და   უზრუნველყოს დამსწრე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ მომავალი წლის ტრენდების ჩამონათვალს:

ივენთები –  ერთიანი კომუნიკაციის ნაწილი

დღეისათვის მიჩნეულია, რომ  ორგანიზატორები ივენთებს უნდა ხედავდნენ როგორც გრძელვადიან ციკლს. ყველაზე დიდი დაბრკოლება დაინტერესებული მხარეების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით არის ის, რომ ივენთის ორგანიზატორებს უჭირთ ერთიანი ჯგუფების  მართვა გამომდინარე მათი მრავალფეროვანი ხასიათისა. რადგანაც ასეთი ტრენდის განვითარების შესაძლებლობა შეინიშნება, ორგანიზატორებს მოუწევთ სპეციფიური სტრატეგიების შემუშავება ამ მრავალფეროვანი მიზნობრივი ჯგუფების  სამართავად.

ივენთების ადგილობრივი პროდუქტით მომარაგება და საკვები, როგორც დეკორაცია

ეს ტრენდი რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა  და დღესაც აგრძელებს განვითარებას. ექსპერტთა გათვლებით ტენდენცია შენარჩუნდება წელსაც და ღონისძიებებზე  კიდევ უფრო თვალშისაცემი, პოპულარული და აპრობირებული  გახდება საკვები პროდუქტების დეკორაციული დანიშნულებით ინტეგრირება.

მობილური აპლიკაციები

2015 წელს პოპულარული გახდება სპეციალურად, ივენთებისთვის შექმნილი  აპლიკაციები. ინდუსტრიაში შემავალი  მობილური კავშირებისა და ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები თავს არ ზოგავენ და  მუდმივად  ნერგავენ  სიახლეებს, რაც თავის მხრივ, ღონისძიებათა მენეჯმენტის სპეციალისტებს მისცემს შესაძლებლობა – შემოქმედებითად მიუდგნენ საკითხს და სამიზნე აუდიტორიასთან განსხავებული მიდგომებითა და კომუნიკაციით ჰქონდეთ წვდომა.

სტატისტიკით მიხედვით, ივენთის სტუმრების 60% იწერს აპლიკაციას , მაგრამ  მხოლოდ 10% იყენებს მას, რაც იმას ნიშნავს, რომ  ამ ტენდენციის  მთავარი  გამოწვევა  ჩართულობის უზრუნველყოფაა.

პროფესიონალების რჩევით, პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა  გავითვალისწინოთ, რომ მობილური აპლიკაცია  აკმაყოფილებდეს სტუმრების მოთხოვნებს, ინტერესს და  ამასთანავე, იყოს მარტივად გამოსაყენებელიც.

WI-FI ყველგან!

ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა – ნებისმიერი სახის ღონისძიებისთვის  დაუწერელი კანონია. ასე რომ, ივენთის ორგანიზატორებმა და ღონისძიების მასპინძელმა დაწესებულებებმა, აუცილებლად, უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტორი და  დამსწრე საზოგადოება უზრუნველყონ მაღალი ხარისხის (WI-FI) ინტერნეტით.

დიდი მოცულობის ინფორმაცია და მისი ანალიზი

ნებისმიერი სახის ივენთი, რეგისტრაციიდან დაწყებული -კვლევებით დასრულებული, ინფორმაციის დიდ  ნაკადს მოიცავს. თუ ადრე, მისი გაანალიზება ხდებოდა ღონისძიებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ,   ახლა,  სხვადასხვა მობილური აპლიკაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ივენთის ორგანიზატორებს  აქვთ არსებული ვითარების მყისიერად შეფასებისა და დროული რეაგირების შესაძლებლობა. რაც მათ თავისთავად, აძლევს საშუალებას, რომ გაცილებით მარტივად მართონ სიტუაცია და მიიღონ   სასურველი უკუავშირი საზოგადოებისგან .

ავტორი: ელ ვინანტი/მოამზადა სანდრო კილაძემ

წყარო: helloendless.com

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

თანამედროვე პიარის გამოწვევები

FEATURE2-20140314052959307ნებისმიერი სახის წარმატებულ პიარ კამპანიაში, შემოქმედებითი მიდგომები და ხედვა ერთ-ერთი მთავარი ელემენტია – „საერთაშორისო კომუნიკაციების საკონსულტაციო ორგანიზაციის“ ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა ზუსტად ის, რაზეც დიდი ხანია საუბრობენ დარგის სპეციალისტები. პიარ სააგენტოებს წარმატებისა და კლიენტების მაქსიმალური კმაყოფილების მისაღწევად მეტი შემოქმედებითობა სჭირდებათ.
ყოველთვის არსებობდა მოსაზრება, რომ „პიარი“ სიცრუესთან ასოცირდება. საზოგადოების დიდი ნაწილი ახლაც ფიქრობს, რომ ეს არის „ფულის დახარჯვა ცუდი რეპუტაციის მისაჩქმალად“ ან გამოიყენება „ხელისუფალთა „შავი“ საქმეებისგან თავის დასაძვრენად“. სწორედ, ამიტომ პიარ-სპეციალისტების უდიდეს გამოწვევად, კვლავ რჩება ამ დამამცირებელი რეპუტაციისგან თავის დაღწევა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მუდმივად განიცდის ცვლილებებს. მისი ფესვები მჭირდოდ უკავშირდება პროპაგანდას. პიარის ერთ-ერთი პიონერის, ედვარდ ბერნეისის განმარტებით „ პიარი არის პროპაგანდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ის პროპაგანდა, რომელიც ვნებს საზოგადოებას“. პროფესორი ტიმ ტრავერსი კი იხსენებდა, რომ საქმიანობის დასაწყისსში, 1947 წელს, სფეროში მოღვაწე პროფესიონალების საქმე შემოიფარგლებოდა: ახალი ამბების რელიზების მომზადებით, ფოტოებისა და ინფორმაციის გავრცელებით, ინფორმაციის უტყუარობის უზრუნველყოფით, რეკლამირებით და ბეჭდური გამოცემების მომზადებით.
1978 წელს, საზოგადოებასთან ურთიერთობების ასოციაციის მსოფლიო ასამბლეაზე ჩამოყალიბდა და დადასტურდა აზრი, რომ „საზოგადოებასთან ურთიერთობა არის ტრენდების (ტენდენციების) ანალიზის სოციალური მეცნიერება და ხელოვნება, ამ ტრენდების შედეგების წინასწარი განსაზღვრა და მოქმედების იმ გეგმის დანერგვა, რომელიც მოემსახურება როგორც ორგანიზაციულ, ისე საზოგადოებრივ ინტერესს.“ თუმცა, მიუხედავად ამისა აღსანიშნავია, რომ დღეს პიარ სააგენტოებისა თუ სპეციალისტების უმრავლესობა მაინც 1947 წლის ყაიდით მუშაობს და ავიწყდებათ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის უმთავრესი დანიშნულება და პრინციპი გუშინაც იყო და დღესაც არის შემდეგი: „არ დაუჯეროთ რასაც ვამბობთ – მოუსმინეთ, რასაც ჩვენზე ამბობენ“.
და ბოლოს, რა განსაზღვრავს პიარ კამპანიის წარმატებას ?! წარმატებისა და მისი კრიტერიუმების განსაზღვრა ყოველთვის იყო და რჩება კიდეც დიდ თავსატეხად. ყველაზე კარგი ალტერნატივა, რაზეც “ბარსელონას დეკლარაციის მიხედვით” სპეცილისტები შეთანხმდნენ არის ის, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის უპირველესი მიზანი, აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად რაოდენობრივი ხასიათის. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პიარ სააგენტოები და პიარ- სპეციალისტები მით უფრო წარმატებულები არიან, რაც უფრო მეტად შემოქმედებითი და თვალშისაცემია მათ მიერ განხორციელებული პიარ კამპანია.

რიჩარდ ლინინგი
საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი
წყარო: Global Week

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

2015 წლის PR ტრენდები

TBR_Newsletter_PR2015_Featured_Imageსაზოგადოებასთან  ურთიერთობის ფორმები გაცილებით სწრაფად   შეიცვალა ბოლო ათი წლის გამავლობაში, ვიდრე გასული სამი დეკადის დროს. ცვლილებები  უმთავრესად, ინტერნეტ სივრცისა და სოციალური მედიის როლის გაძლიერებამ განაპირობა და შედეგად, კომუნიკაციის სფეროში ,ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გაჩნდა. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს , ვცხოვრობთ ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში. აქედან გამომდინარე,  ყოველი წლის ბოლოს ვაჯამებთ- რამდენად შორს არის წასული მსოფლიო განვითარების ტემპი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვარკვევთ- რა უნდა განვსაზღვროთ და გავითვალიწინოთ  წინასწარ .

შეკითხვაზე -როგორი იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობა 2015 წელს და  რა ძირითად გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ -პასუხად არსებობს რამდენიმე ტრენდი:

მობილური კავშირები კიდევ უფრო განვითარდება და გაფართოვდება. გასულ წელს მობილურ კავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეჭირა. ზუსტად, ასე იყო 2013 წელს და არც  2015 იქნება გამონაკლისი. ერთ-ერთი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, 2014 წელს მოზარდების 58%-ი სარგებლობდა სმარტფონებით. იმავე კვლევის 2011 წლის მონაცემების მიხედვით კი ეს მაჩვენებელი 44%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ,რომ 2015 წელს ეს ტენდენცია გაგრძელდეს და უფრო მეტიც, გაიზარდოს კიდეც.  დიდი ალბათობით, ფართო საზოგადოებას ექნება  სმარტფონებთან წვდომა  და ინტერნეტიდან ინფორმაციის სწარაფად მიღების საშუალება. შესაბამისად, სასურველი შედეგის მისაღებად, აუცილებელი გახდება დაგეგმარებისა  და სტრატეგიის კიდევ უფრო მართებულად შერჩევა .

პრეს-რელიზები კიდევ უფრო განვითარდება და შეიცვლება. გაიხსენეთ, როდის წაიკითხეთ ბოლოს სრული სტატია ? რელიზების ფორმაც ზუსტად ისე შეიცვლება, როგორც კომუნიკაციის სხვა საშუალებები და ფორმები.  სტანდარტული ,ტექსტით დატვირთული ფორმატები ნაკლები პოპულარობით ისარგებლებს 2015 წელს, სწორედ  ამიტომ, დიდი ყურადღება  რელიზების ვიზუალურ  კონტენტს დაუთმეთ.

„მარკეტინგი რეალურ დროში“ უფრო აქტუალური გახდება. „მარკეტინგი რეალურ დროში“-ის ეფექტურობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოციალურ მედიასთან ადაპტირებას. ის ,ასევე გაამარტივებს ბრენდის „პიროვნების“ წარმოჩენას. 2015 წელს, მარკეტინგის ეს ფორმა იქნება არა უბრალოდ „კარგი რომ გამოიყენო“, არამედ საკომუნიკაციო კამპანიების აუცილებელი ნაწილი.

ვიზუალური, განსაკუთრებით კი საინფორმაციო კონტენტი იქნება ძალიან აქტუალური. 2014 წლის ოქტომბრის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, PR სააგენტოების 51%-მა აღნიშნა, რომ 2015 წელს ,ვიდეოს კონტენტს გაცილებით დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ. მათი თქმით, უმჯობესია,  ვიდეოს  შინაარსი იყოს  ბევრად უფრო ინფორმაციული სახის. სააგენტოების ამ პოზიციას ამყარებს საზოგადოების ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოკითხული რესპოდენტების 39 %   ეფექტურად სწორედ, ასეთი ფორმატის ვიდეოებს მიიჩნევს.

საზოგადოების ჩართულობა გაიზრდება ნებისმიერი სახის კამპანიაში. არავის დაავიწყდება კამპანია  Ice Bucket Challenge  და საზოგადოების გამოხმაურება  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ, ასეთი „ვირუსული“ ფენომენი/კამპანია გახდა მსოფლიო მედია სივრცის ყურადღების უმთავრესი საგანი, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა ხალხის ცნობიერება ბრენდების მიმართ. ასეთი სტილის კამპანიები ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს 2015 წელს და შემდგომშიც.

უსაფრთხოება ისევ იქნება  სერიოზული საზრუნავი. კომპიუტერული ვირუსები და სერიული ჰაკერული შემთხვევები , დაწყებული Sony-სა და დამთავრებული iCloud-ის ქეისებით/შემთხვევებით, არის კიდევ ერთი სიგნალი, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს გაერთიანებული ინტერნეტ სივრცე მსოფლიო ბიზნესებისთვის. უსაფრთხოების დაცვა იქნება ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი 2015 წელს, რადგანაც სულ უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება და ბრუნავს მსოფლიო ინტერნეტ სივრცეში.

ავტორი ბრაიან გრინი/ მოამზადა სანდრო კილაძემ

წყარო: PRNEWSWIRE.COM

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

ათი რჩევა საკომუნიკაციო– პიარ კრიზისის დროს

statiis qudi krizisebiდღესდღეობით ყველა ორგანიზაციას, იქნება ეს სამთავრობო, ბიზნეს თუ არასამთავრებო სექტორი, შესაძლოა დაუდგეს პერიოდი, როდესაც ის აღმოჩნდება კრიზისული სიტუაციის წინაშე.
რა ტიპის ორგანიზაციასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, მოსალოდნელი კრიზისების განსაზღვრა წინასწარაც არის შესაძლებელი. თუმცა, თუკი უკვე კრიზისის წინაშე დგახართ, აუცილებელია წარმატებული კრისისის მენეჯმენტის გეგმის ამოქმედება. გეგმა დაეხმარება კომპანიას სწრაფად და ეფექტურად დააღწიოს თავი კრიზისსა და დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს.
წარმოგიდგენთ კრიზისული გეგმის 10 მნიშვნელოვან საფეხურს:

1) წინასწარ განსაზღვრეთ საუკეთესო და ყველაზე სახიფათო სცენარები.
საქმიანობის დაგეგმარების ეტაპზე, ძალიან დაგეხმარებათ თუკი შეიმუშავებთ წინასწარ გეგმას შესაძლო სახიფათო კრიზისების შესახებ და ასევე საუკეთესო სტრატეგიებს ამ კრიზისებიდან თავის დასაღწევად. ამით თქვენ მომზადებული დახვდებით და უფრო მარტივად გაუმკლავდებით ნებისმიერი ტიპის კრიზისს.

2) კრიზისის იდენტიფიკაცია.
თუკი აღმოჩნდით კრიზისის წინაშე, მოახდინეთ მისი იდენტიფიკაცია და დროულად მიმართეთ სათანადო ზომებს. მაგალითად, თუკი კლიენტმა შეგიკვეთათ პროდუქტი, თქვენ კი ვერ ახერხებთ მის დროულად მიწოდებას, მიმართეთ ალტერნატიულ გზებს, მაგალითად დაუკავშირდით სხვა მომწოდებლებს, რათა მაქსიმალურად სწრაფად დააკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნა. შესაძლოა თქვენ ვერ მიიღოთ სარგებელი ამ გარიგებისგან, მაგრამ შეინარჩუნებთ რეპუტაციას, რაც ასე მნიშვნელოვანია თითოეული კომპანიისთვის და მისი წარმატებისთვის.

3) იყავით ორგანიზებულნი.
ორგანიზება გაუწიეთ თქვენს საუკეთესო ჯგუფს პრობლემური სიტუაციის დასაძლევად. მაგალითად, თუკი თქვენი გაყიდვების მაჩვენებლი ეცემა, გადაამისამართეთ თქვენი საუკეთესო კადრები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ მოქმედებით მათ დაუმტკიცებთ თქვენს ნდობასა და კეთილგანწყობას და ასევე უფრო ეფექტურად გადაჭრით მნიშვნელოვან პრობლემას.

4) შეუტიეთ წინა ხაზიდან.
კრიზისის მენეჯმენტისას, რაც უფრო დიდია პრობლემა მით უფრო გულმოდგინედ უნდა იმუშაოთ მასზე, იმისთვის, რომ სიტუაცია მალე დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა დადგინდეს და აღმოიფხვრას პირველივე ეტაპებზე, სანამ ჯერ კიდევ შესაძლოა მისი ეფექტურად მართვა.

5) ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე.
კრიზისული სიტუაციის გადაჭრა შეგძენთ მნიშვნელოვან გამოცდილებას. ხოლო საკუთარ შეცდომებზე სწავლა იმის გარანტიას მოგცემთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები ნაკლებად განმეორდება. ასევე შესაძლებელია კრიზისის მენეჯმენტის გეგმის სრულყოფა, რათა მეტად მომზადებული იყოთ მომავლისთვის.

6) მოერიდეთ კრიტიკას.
თუკი თქვენმა რომელიმე კადრმა შეცდომა დაუშვა, ნუ გაკიცხავთ მას, ყოველ შემთხვევაში კრიზისის დასრულებამდე. ყოველთვის მნიშვნელოვანია გუნდში ერთობის შენარჩუნება და ამისი დემონსტრირება. ხოლო მას შემდეგ რაც ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, შეგიძლიათ დაგეგმოთ დამატებითი ტრენინგი თქვენი კადრებისთვის.

7) თავი დააღწიეთ კრიზისს რაც შეიძლება სწრაფად.
ეცადეთ გადაწყვიტოთ კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად. ეს თავიდან აგარიდებთ მნიშვნელოვან ზარალს, შეგანარჩუნებინებთ კონტროლს სიტუაციაზე და დაიცავს თქვენს რეპუტაციას.

8) დაშალე და იბატონე.
მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე აღმოჩენისას, ეფექტური იქნება თუკი დავალებებს გადაანაწილებთ რამდენიმე ჯგუფს შორის. მაგალითად, თუკი თქვენი პრობლემა გაყიდვების მაჩვენებლის დავარდნაა, ეცადეთ შეამციროთ ხარჯები და ამავდროულად მომხმარებელს შესთავაზოთ ფასდაკლებები. ამ გზით თქვენ გააერთიანებთ გაყიდვებისა და ფინანსურ განყოფილებებს კრიზისის გადასაჭრელად.

9) შეისწავლეთ პარამეტრები.
თუკი თქვენი პრობლემების გადაჭრაში სტანდარტული მიდგომები არ გეხმარებათ, მოძებნეთ ან თავად შექმენით ალტერნატივა.

10) შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ნუ ჩავარდებით პანიკაში. თუკი სწორად მიუდგებით საკითხს, ყველაფერი ჩადგება ნორმაში. სიმშვიდე კი დაგეხმარებათ კონკრეტულ ამოცანაზე კონცენტრაციაში და შეანარჩუნებინებს თქვენს გუნდს სწორ მიმართულებას.

და ბოლოს, ნებისმიერი ორგანიზაცია, ადრე თუ გვიან, შეიძლება აღმოჩნდეს კრიზისის წინაშე და ზემოთ მოყვანილი რჩევები მაქსიმალურად დაგეხმარებათ მის დაძლევაში, ისინი უზრუნველყოფენ მინიმუმ დანაკარგს თქვენი კომპანიისათვის.

სტატია მოამზადა ნია ფანიაშვილმა

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

წყარო: www.morebusiness.com